შარდის ბუშტის კიბო – ავთვისებიანი წარმონაქმნი შარდის ბუშტის კედლიდან ვითარდება. სიმსივნე უხშირესად ზედაპირულია ანუ არ სცილდება ლორწოვან გარსს, თუმცა, ავთვისებიანმა წარმონაქმნა შესაძლოა შარდის ბუშტის მთელი კედელი მოიცვას და მეტასტაზირებაც განიცადოს.
მაგალითად, ღვიძლში, ფილტვებში, ძვლოვან ქსოვილში. კუნთოვან შრეში ჩაზრდილი კიბოს შემთხვევები შარდის ბუშტის ავთვისებიანი წარმონაქმნების 20-25 % შეადგენს.
დაავადების რეციდივი საკმაოდ ხშირია, აქედან გამომდინარე, პაციენტებს სიცოცხლის მანძილზე რეგულარული შემოწმება და კონტროლი უხდებათ.
რისკფაქტორები
ასაკთან ერთად შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი იზრდება, ისევე როგორც სხვა სიმსივნური პათოლოგიის აღმოცენებისა.
რისკჯგუფს ქმნიან ძირითადად ის პირები, რომლებიც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქიმიკატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ასევე მწეველები.
თურმე, თამბაქოს მოყვარულებს შარდის ბუშტის კიბო 6-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე არამწეველებს.
შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით ქალებთან შედარებით უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ძირითადად 45-65 წლის ასაკში.
კიბოს განვითარების რისკჯგუფში სპეციალისტები იმათაც აერთიანებენ, ვინც ხშირად ავადობს ცისტიტით. ვისაც ხშირად აღენიშნება შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. მემკვიდრულ წინასწარგანწყობას ამ პათოლოგიის განვითარებაში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
როგორ ვლინდება შარდის ბუშტის კიბო
ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს შარდში სისხლის გაჩენა და ტკივილი შარდვისას.
თუ სიმსივნური წარმონაქმნი აფერხებს თირკმელებიდან ბუშტში შარდის ჩამოსვლას, შესაძლოა თირკმელების დისფუნქცია განვითარდეს.
ეს უკანასკნელი თავის მხრივ თირკმელების არეში ტკივილით გამოიხატება. არის შემთხვევები, როდესაც შარდის ბუშტში განვითარებული სიმსივნე ბლოკავს ურეთრას.
შესაბამისად დაბრკოლებას უქმნის შარდის გამოყოფის პროცესს, ეს კი შარდვის გაძნელებას და ტკივილს იწვევს.
შარდში სისხლის არსებობა, ბუნებრივია, ყოველთვის არ ნიშნავს ავთვისებიანი პროცესის არსებობას. სადიაგნოზოდ გამოიყენება შესაბამისი კვლევები.
რას ეფუძნება დიაგნოსტიკა
შარდის ბუშტის კიბოზე ეჭვისას ტარდება შარდის ანალიზი. მასში სისხლის არსებობის დასადასტურებლად, ასევე შარდის ციტოლოგიური გამოკვლევა.
მიმართავენ ცისტოსკოპიას. წესისამებრ, პაციენტს უტარებენ უროგრაფიულ (საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტულ კვლევას) და ექოსკოპიურ კვლევებს.
არსებობს კტ-უროგრაფიაც, სიმსივნური წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაციისა და სხვა დეტალების განსასაზღვრად.
მკურნალობა
შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავს ზუსტი დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა თავის მხრივ მოიცავს სიმსივნური წარმონაქმნის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის ზუსტად დადგენას, ავთვისებიანი სიმსივნური ქსოვილის სწორ კლასიფიკაციას .
თუ სიმსივნური წარმონაქმნი ზედაპირულია და არ არის ჩაზრდილი კუნთოვან შრეში, მიმართავენ შარდის ბუშტის ტრანსურეთრულ რეზექციას. ამ ოპერაციის დროს ურეთრაში შეჰყვათ სპეციალური ხელსაწყო – რეზეკტოსკოპი, რომლითაც შარდის ბუშტიდან სიმსივნის ამოკვეთას და სისხლმდენი სისხლძარღვების მოწვას ახორციელებენ.
თუ შარდის ბუშტის კიბო კუნთოვან შრესაც მოიცავს და არსებობს მისი უფრო ფართოდ გავრცელების საშიშროება, ატარებენ რადიკალურ ოპერაციას _ ტოტალურ ცისტექტომიას. ხდება შარდის ბუშტის სრულ ამოკვეთა, უხშირესად წინამდებარე ჯირკვალთან (პროსტატასთან) ერთად. ამის შემდეგ მიმართავენ ნაწლავური რეზერვუარის შექმნასა და შარდის ორთოტოპულ დერივაციას (გადაყვანას).
ამ ურთულეს ოპერაციას, განსაკუთრებულად დახვეწილი ტექნიკით, მისეული მეთოდიკით, უმაღლეს დონეზე ასრულებს ცნობილი ქირურგი გურამ ქარაზანაშვილი.
სწორედ ამ ოპერაციის ვიდეოპრეზენტაციამ გააოცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ონკოქირურგები. აღაფრთოვანა ათასობით სპეციალისტი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე. ქართული მედიცინის საამაყოდ, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ვიდეობიბლიოთეკაში.