თირკმლის კიბო

დაავადებები

თირკმლის კიბო გავრცელების მხრივ მე-10 ადგილს იკავებს ავთვისებიან სიმსივნეთა შორის. ამასთანავე, მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. წინათ თირკმლის კიბოხანში შესულთა პათოლოგიად მიიჩნეოდა.  ბოლო დროს იმატა კიბოთი დაავადებული ახალგაზრდების რიცხვმა.

თირკმლის ავთვისებიან სიმსივნეთა 90-95%-ს შეადგენს თირკმელუჯრედოვანი კიბო.

მას  იშვიათად ადენოკარცინომას,  ჰიპერნეფრომას უწოდებენ. დანარჩენი ორი: თირკმლის სარკომა და ვილმსის სიმსივნე – გაცილებით იშვიათია.

თირკმლის კიბო – მიზეზები

რთულია იმის თქმა, რა შეიძლება იყოს დაავადების მიზეზი. ცნობილია  განვითარების ხელშემწყობი რამდენიმე არაპირდაპირი ფაქტორი.

  • თამბაქოს მოხმარება – მწეველთა შორის თირკმლის კიბო 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება;
  • გაცხიმოვნება – ჭარბი წონა 20%-ით ზრდის თირკმლის უჯრედოვანი კიბოთი დაავადების ალბათობას;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ზოგიერთი პრეპარატი. ამ კუთხით აღსანიშნავია შარდმდენების ხანგრძლივი გამოყენება.
  • მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთ საწარმოში მუშაობა, სადაც ანილინშემცველი საღებავები გამოიყენება. ანილინის საღებავებში აღმოჩენილია რამდენიმე ქიმიური ნივთიერება. ეს ნივთირებები  თირკმელებთან ერთად შარდის ბუშტის სიმსივნეების განვითარებასაც უწყობენ ხელს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკას და მკურნალობას  მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. https://mmt.ge/archives/category/staff

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

თირკმლის კიბო – სიმპტომები

ცნობილია თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელი 3 სიმპტომი. ამ სიმპტომების გამო პაციენტები, ჩვეულებრივ, მიმართავენ ექიმს: ჰემატურია, მუცლის ღრუში ახალწარმონაქმნის არსებობა და ტკივილი.

ჰემატურია შარდში სისხლის არსებობას ნიშნავს. განასხვავებენ მიკრო და მაკროჰემატურიას.

მიკროჰემატურიის დროს შარდში სისხლის ელემენტები მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება აღმოვაჩინოთ.

მაკროჰემატურიის დროს კი ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ჰემატურია უმეტესად ერთი შეხედვით სავსებით ჯანმრთელ ადამიანს ეწყება.  მას თან არ ახლავს ტკივილი, რომელიც შარდკენჭოვანი დაავადების თანამდევ ჰემატურიას ახასიათებს. კიბოს დროს ჰემატურია მალე ქრება, მაგრამ რამდენიმე დღის, თვისა თუ წლის შემდეგ შესაძლოა განმეორდეს.

სისხლდენა სიმსივნის ზრდის შედეგია. მზარდი სიმსივნე აზიანებს თირკმლის სისხლძარღვებით მდიდარ ქსოვილს. ზოგჯერ წარმოიქმნება თრომბი, რამაც შესაძლოა თირკმელკენჭოვანი დაავადების მსგავსი თირკმლის ჭვალი გამოიწვიოს. დროთა განმავლობაში სიმსივნე შესამჩნევი ზომის ხდება და  მუცლის არეში ახალწარმონაქმნი იჩენს თავს.

თირკმელი სიმსივნესთან ერთად ისინჯება მუცლის მხრიდან. ზოგჯერ გამხდარი ადამიანები სიმსივნეს ადრეულ სტადიაზე თავადაც ამჩნევენ. დროთა განმავლობაში ნებაზე მიშვებული სიმსივნე გამოდის თირკმლის კაფსულიდან და მეზობელ სტრუქტურებზე ვრცელდება. აწვება ნერვულ დაბოლოებებს და ჩნდება მესამე სიმპტომი – ტკივილი. კიბოს ადრეულ სტადიაზე ტკივილი ასიდან მხოლოდ 10-15 შემთხვევაში შეინიშნება. მისი არსებობა უმეტესად უკვე გავრცობილი სიმსივნის მაუწყებელია. გავრცობილი სიმსივნე, თავის მხრივ, აზიანებს სისხლძარღვებს.

ირღვევა ქვედა ღრუ ვენაში ვენური სისხლის გადინება. თავს იჩენს ვენური შეგუბებისთვის დამახასიათებელი მოვლენები. მამაკაცებში ეს ყოველივე ვარიკოცელეს  იწვევს. ტკივილი შესაძლოა იყოს სხვა ორგანოებში დაზიანებული კერების გაჩენის შედეგიც. თირკმლის კიბოს ახასიათებს მეტასტაზირება თითქმის ყველა ქსოვილსა და ორგანოში.

თირკმლის კიბოს დროს ყველაზე ხშირად მეტასტაზებს ფილტვებში, ღვიძლსა და ძვლებში აღმოაჩენენ. ზოგჯერ დაავადება უჩვეულო სიმპტომებითაც ვლინდება.  სიმსივნე ახდენს ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუქციას. ეს კი იწვევს სისხლში ერითროციტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. იმატებს კალციუმის დონე, იზრდება არტერიული წნევა და ირღვევა ღვიძლის ფუნქციები. დაავადებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, რომლებიც ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც ახასიათებს:

დაღლილობისა და მოთენთილობის მუდმივი შეგრძნება

წონის უმიზეზო კლება

ფეხების შეშუპება

თისრკმლის კიბო – დიაგნოსტიკა

პაციენტის ჩივილებს და ზოგადკლინიკურ გამოკვლევებს: სისხლისა და შარდის კლინიკურ ანალიზს.

ძირითად მეთოდად მიჩნეულია

  • თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • მუცლის ღრუს გამოკვლევა
  • უროგრაფია (თირკმლის გამოკვლევა კონტრასტული ნივთიერებების საშუალებით)
  • რადიონუკლეიდური სკანირება
  • კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ორი უკანასკნელი მეთოდი სიმსივნის გავრცელების დიდი სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა. აუცილებელია ფილტვების, გულმკერდის ღრუსა და მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფია. ასევე ძვლების რადიონუკლეიდური სკანირება მათში მეტასტაზების აღმოჩენის მიზნით.

თირკმლის კიბო – მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. ოპერაციული ჩარევა აუცილებელია პრაქტიკულად ყველა იმ შემთხვევაში, როცა კი ეს შესაძლებელია. ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც რადიკალურად, – იკვეთება თირკმელი, ცხიმოვანი კაფსულა და შარდსაწვეთი – ისე დამზოგველი მეთოდიკითაც. ეს უკანასკნელი გამოიყენება უმთავრესად სიმსივნის ადრეულ სტადიაზე. გამოიყნება მაშინ როცა პროცესი მეზობელ ორგანოებზე ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული.  მაშინ როდესაც შეუძლებელია პაციენტისთვის თირკმლის ამოკვეთა, რადგან მეორე თირკმელს არ შეუძლია, აიღოს  მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქცია. დამზოგველი ოპერაციისას იკვეთება თირკმლის მხოლოდ ნაწილი, თუმცა მაღალი რჩება ადგილობრივი რეციდივის განვითარების რისკი.

თირკმლის კიბო – პროგნოზი

თანამედროვე ონკოქირურგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინდივიდუალური პროგნოზის შედგენა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა.  ამჟამად არახელსაყრელ პროგნოზულ ფაქტორებად მიიჩნევა:

  • ორგანიზმის ზოგადი მძიმე მდგომარეობა;
  • დიაგნოზის დასმისას კლინიკური სიმპტომების სრული კომპლექსი;
  • სხეულის მასის 10%-ით ან მეტად შემცირება.

პაციენტის ასაკი და სქესი პროგნოზზე გავლენას არ ახდენს. ისევე როგორც ყველა სხვა ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში. ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას გვაძლევს თირკმლის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.  ბოლოდროინდელი გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ქირურგიული ოპერაციები საგრძნობლად ახანგრძლივებს პაციენტების სიცოცხლეს.

დატოვეთ კომენტარი