თირკმლის კისტა-ორგანოს ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. მისი აღმოჩენა ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება ექოსკოპიური გამოკვლევისას.
ცისტა საზოგადოდ სითხით სავსე ღრუს შემცველი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
სტატისტიკის მიხედვით თირკმლის პარენქიმის დამაზიანებელი წარმონაქმნებიდან კისტის წილად 65-70 % მოდის. პათოლოგია ქალებთან უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან, რაც ესტროგენების დამცველობით ეფექტსა და ანდროგენების სიმცირეს უკავშირდება. ამ მიზეზით, მენოპაუზის პერიოდში დაავადების გავრცელების სტატისტიკა ქალებთან, რამდენადმე უთანაბრდება მამაკაცებთან თირკმლის კისტის არსებულ მაჩვენებელს.
თირკმლის კისტა შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. მისი ფორმირება ზოგჯერ მუცლადყოფნის პერიოდში ხდება.
კისტის განვითარება ადამიანის სიცოცხლის მანძილზე სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კისტებს.
არსებობს ორივე თირკმლის კისტა და წარმონაქმნი ერთ ორგანოში – მარცხენა ან მაჯვენა თირკმლის კისტა. მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ მარტივ, მრავალკამერიან და დერმოიდულ კისტებს (ეს უკანასკნელი ემბრიონული განვითარების ანომალიაა, მისი შიგთავსი ხშირად შეიცავს თმას, ფრჩხილებს, ცხიმოვან ან ძვლოვან ქსოვილს).
ცალკე გამოყოფენ მულტიკისტოზურ და ღრუბლისებრ თირკმელს. პირველ შემთხვევაში თირკმლის მთელი პარენქიმა წვრილი კისტებითაა დაზიანებული, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ორგანოს ფუნქციურ რეზერვს. შედეგად ძალიან მალე ვითარდება თირკმლის უკმარისობა.
ღრუბლისებრი თირკმლის შემთხვევაშიც მრავლობითი კისტებია წარმოდგენილი ორგანოში, ოღონდ ისინი შემკრებ მილაკებთანაა ძირითადად ლოკალიზებული. ეს პათოლოგია თანდაყოლილი მდგომარეობაა. ასეთი პაციენტები (ბავშვები) საჭიროებენ დროულ ჰემოდიალიზს თირკმლის უკმარისობის სწრაფად პროგრესირების გამო.
განვითარების მიზეზებიდან აღსანიშნავია:
• მემკვიდრული ფაქტორი;
• ქრონიკული დაავადებები;
• გადატანილი ინფექციები;
• თირკმლის ტრავმა და გადაციება.

რა ახასიათებს თირკმლის კისტას
ხშირად კისტა დიდი ხნის მანძილზე არ ავლენს თავს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევისას.
როდესაც მატულობს ზომაში და მეზობელ ორგანოებს აწვება, მაშინ ვლინდება:
• ტკივილი წელის არეში;
• დიასტოლური წნევის (ქვედა მაჩვენებლის) მომატება –თირკმლისმიერი ჰიპერტენზია;
• თირკმელებიდან შარდის გამოყოფის შეფერხება;
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
დაავადების ერთ-ერთი სადიაგნოზო სიმპტომია შარდში სისხლის პერიოდულად ან მუდმივად გამოჩენა. შეიძლება გამოხატული იყოს მაკროჰემატურია (ამ დროს შარდი ვიზუალურად წითელი ფერისაა) ან მიკროჰემატურია (შარდის ფერი შეუცვლელია, თუმცა მიკროსკოპული გამოკვლევისას ვლინდება ერითროციტების შემცველობა).
ერითროციტების დაკარგვა შარდთან ერთად ხშირად ანემიას აძლევს დასაბამს. ამის მიზეზი იმავდროულად თირკმელებში ერითროპოეტინის (ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნის მასტიმულირებელი ჰორმონის) წარმოქნის დათრგუნვაცაა.
რითია საშიში თირკმლის კისტა
გართულებებიდან აღსანიშნავია:
• თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
• თიკრმელში შარდის შეკავება და ორგანოს გაფართოება (ჰიდრონეფროზი);
• პიელონეფრიტი, მათ შორის ჩირქოვანი;
• ცისტის დაჩირქება;
• სისხლჩაქცევა კისტაში;
• გახეთქვა და პერიტონიტი;
• ანემია;
• არტერიული ჰიპერტენზია.
თირკმლის კისტა – მკურნალობა
თუ თირკმლის კისტა 5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, არ არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, მაშინ მიმართავენ წარმონაქმნზე დაკვირვების ტაქტიკას.
ქირურგიული ჩარევა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც თირკმლის კისტა დიდ ზომას აღწევს, აწვება მეზობელ ორგანოებს, იწვევს ტკივილს, სისხლდენას, არსებობს მისი გასკდომის საშიშროება.
მაინტერესებს რა არის თირკმლის სოლიტარული კისტა, რა სიმტომები ახასიათებს და რამდენად საშისია ჯანმრთელობისთვია?
მოგესალმებით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322 23 40 23